თეთრი სახლის მტკიცებით, აშშ-ის დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები ადასტურებს, რომ „ჰამასი“ ალ-შიფას საავადმყოფოს სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებს
აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტული ორგანიზაციები ალ-შიფას ჰოსპიტალს ღაზაში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაუჭირა მხარი ისრაელის პოზიციას, რომ „ჰამასი“ ღაზას საავადმყოფოებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.
როგორც კირბიმ აღნიშნა, „ჰამასს“ ალ-შიფას საავადმყოფოში სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული.
მისივე თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები საავადმყოფოებს სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მძევლების დასაკავებლად იყენებენ.
მანვე დასძინა, რომ „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ მიერ საავადმყოფოების ამ გზით გამოყენება ომის დანაშაულს წარმოადგენს.