პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისა და თითოეული ქართველისთვის მთავარი ეროვნული ამოცანა ოკუპაციის დასრულება უნდა იყოს.
„6 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია. ოკუპაციას ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ქართველისთვის მთავარი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.