“გათბობის მიზნით გაზქურის მოხმარება არაფრით შეიძლება” -„თბილისი ენერჯის” მენტორის რეკომენდაციები
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი” მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესების შესახებ კომპანიის მენტორმა, დავით ბალავაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“მიმდინარე წელს უკვე 250 000-ზე მეტი მომხმარებელია გადამოწმებული, აქედან დარღვევა დაახლოებით 5%-თან ფიქსირდება. ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. 12 უბედური შემთხვევა მოხდა, საიდანაც 1 ფატალური შედეგით, 11 კი ინტოქსიკაციით დასრულდა. 12-ვე შემთხვევიდან უმეტესობა ნაქირავებ ბინაში მოხდა.
ვინაიდან უკვე ზამთრის პერიოდში შევდივართ და გაზის დანადგარების მოხმარება უკვე აქტიურად იწყება, მომხმარებლებისთვის რამდენიმე რეკომენდაციას გავცემ. ყველა მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ თავის საცხოვრებელში დამონტაჟებული გაზის დანადგარი არ არის ღია წვის კამერის მქონე. თუ ამას თავად ვერ ხვდება, მაშინ აუცილებლად, ცხელ ხაზზე უნდა მოგვმართოს. ასევე, გათბობის მიზნით გაზქურის მოხმარება არაფრით შეიძლება, ამას ხაზგასმით ვიტყვი, რადგანაც არის შემთხვევები, როდესაც ბინას ქირაობენ და მეპატრონე ზამთარში დამქირავებელს გათბობის საშუალებად გაზქურას სთავაზობს. თუ ვინმე, ვინც გვისმენს, ასეთ შემთხვევას ამოიცნობს, აუცილებლად მოგვმართოს, გადავამოწმებთ, როგორაა გაზქურა დამონტაჟებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გაზქურით გათბობა არ შეიძლება.
გაზქურის მოხმარების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ფანჯარა, სარკმელი ღია იყოს. ფართში ჰაერის ცვლა უნდა მოხდეს “, – განაცხადა დავით ბალავაძემ.