გიორგი გობრონიძე: ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, დღეს საქართველოსთვის ის იმპერატივია, რომელიც გვჭირდება თავის დასაცავად

“რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრება (ევროკავშირი იქნება, ნატო თუ სხვა) ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სარგებელი მივიღოთ, რაც ამ ორგანიზაციის წევრობას მოჰყვება. ევროკავშირის წევრობის შედეგად ჩვენ პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური სივრცის დაცული ნაწილი გავხდებით…”, – ამის შესახებ ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა ცდილობს, შეამციროს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ ვერ ახერხებს.

“რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი “მარკერების” მოძებნას. ალბათ, გააძლიერებს იმ ხაზს, რომ თითქოს დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა. ადრეც მითქვამს და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ რუსული პროპაგანდა ძალზე მდარეა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ევროკავშირს საქართველოსგან მსგავსი არასდროს არაფერი მოუთხოვია, მაგრამ რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც დაარწმუნონ, თითქოს ევროკავშირში ჩვენი გაწევრება აპრიორი გაააქტიურებს ისეთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება და ა.შ. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, როგორ მოუწია ევროკავშირის ელჩს საჯარო განცხადების გაკეთებამ, რომ ქართული სახელმწიფოსგან მსგავსი არაფერი მოუთხოვია. ვერც მოითხოვს! იმიტომ, რომ ეს სუვერენული საქართველოს საშინაო საკითხია და საერთო არაფერი აქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან. ევროკავშირში ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებსაც ულტრალიბერალური მთავრობები ჰყავთ, და ისეთებიც, რომლებსაც ულტრაკონსერვატიული მთავრობები ჰყავთ. ამ კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, როგორი მთავრობა და რა ღირებულებების მატარებელი საზოგადოება ჰყავს. რუსული გვაწუხებს, მაგრამ ქართველი ხალხის 70%-ზე მეტი მაინც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. რუსული პროპაგანდა ცდილობს შეამციროს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ ვერ ახერხებს. წარმოუდგენლად რთულია ქართველი ხალხის პროპაგანდისტული მეთოდებით დარწმუნება, რომ დასავლეთია მტერი, მაშინ, როცა დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, რუსული საოკუპაციო ბაზაა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და ეთნიკური ქართველების უფლებებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებებს, ფეხქვეშ თელავენ. სულ ცოტა ხნის წინ რუსებმა ქართველი კაცი, თამაზ გინტური იმის გამო მოკლეს, რომ წინაპრების აშენებულ ეკლესიაში შევიდა. ამის შემდეგ რუსმა როგორ უნდა მითხრას, რომ დასავლეთია ჩემი მტერი და საფრთხეს უქმნის ჩემს რწმენას, ტრადიციასა და კულტურას?! იმაზე აღარაფერს ვამბობ, ოკუპირებულ რეგიონებში მიზანმიმართულად რომ ანადგურებენ ქართული კულტურის ძეგლებს. რუსეთის მცდელობა, სრულიად წაშალოს ქართული კვალი ოკუპირებულ რეგიონებში, რაიმე ფორმით ხელს უწყობს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას?! ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოებამდე კარგად მიიტანოს სათქმელი და ხალხი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი ქვეყნების უნიკალურობას, კულტურასა და ტრადიციებს არაფერს ერჩის, პირიქით – სწორედ ეს ორგანიზაცია იძლევა ამ ყველაფრის უკეთ შენარჩუნების საშუალებას.

მე ისეთი რუსული არარაციონალური შინაარსის პროპაგანდისტული მესიჯები მომისმენია, რომ შეიძლება ფსიქიკურად არამდგრად ადამიანსაც გაეღიმოს. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ რუსული პროპაგანდა კორონავირუსის შექმნას და ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელებას გვაბრალებდა. უკრაინასთან დაკავშირებით უფრო შორს წავიდა და ინფრაწითელი გადამცემებით შეიარაღებულ ფაშისტ ბატებზე გადაცემებს აკეთებდნენ, სტატიებს წერდნენ და სერიოზული სახეებით განიხილავდნენ. ძალიან ძნელია განსაზღვრო, რა მომწიფდება რუსი პროპაგანდისტების თავებში, მათ ყველანაირი სისულელის თქმა შეუძლიათ. დღეს რუსეთის მთელი რესურსი მიმართულია უკრაინისკენ, შესაბამისად, კავკასიაზე მოჭერილი მარწუხი შედარებით სუსტია და ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, თავი დავაღწიოთ იმ ჭაობს, სადაც შეიძლება მართლა ჩავრჩეთ, თუ რუსეთმა მართლა გაიმარჯვა. ცუდი ის არის, რომ რუსეთმა როგორი შედეგითაც არ უნდა დახუროს უკრაინის ფრონტი, ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიტრიალდება. არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი დათმობის თუ მოთმენის პოლიტიკით რუსეთი საქართველოზე ხელს აიღებს. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსკოვი დე იურე აღიარებდა ჩვენს დამოუკიდებლობას, საქართველო საერთაშორისო ნეიტრალიტეტს აცხადებდა, ბოლშევიკური რუსეთი კი ამ ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიად გვევლინებოდა. რა მოხდა 1921 წლის თებერვალში? რუსეთმა მისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება თავზე გადაგვახია და დაიწყო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. სხვათა შორის, რუსეთმა გამსახურდიას პერიოდში თავადვე აღიარა, რომ საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია, რის შედეგადაც შეიქმნა იურიდიული საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღედგინა.

ჩვენ გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, რომ ჩვენი ისტორიის რაღაც მომენტში დავდექით იქ, სადაც რუსეთი გვთხოვდა დადგომას, მაგრამ მოსკოვი ამით არ დაკმაყოფილდა. 1992-1999 წლებში საქართველოზე პრორუსული სახელმწიფო ბელარუსიც არ ყოფილა, ყველაფერი მივიღეთ, რაც რუსეთმა შემოგვთავაზა – დავტოვეთ ყველა რუსული ბაზა, უფრო მეტიც, ორი კიდევ დავამატეთ, ეუთოს და გაეროს ეგიდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხელი მოვაწერეთ აბსოლუტურად დამამცირებელ და გაუგებარ ხელშეკრულებას. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა ვერ ნახავს ისეთ ოქსიმორონს, როგორიც იყო 1992 წელს ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი შევიყვანეთ კონფლიქტის დამრეგულირებლად. შევედით დსთ-ში და ყველა ისეთ საკვანძო თანამდებობებზე, როგორიც თავდაცვა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები იყო, მოსკოვის რეკომენდაციით დავნიშნეთ ხალხი, მაგრამ ერთი პატარა გაფართხალება არ გვაპატიეს, მილსადენის აშენების გამო საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი. რატომ გამოთქვა შევარდნაძემ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სურვილი, ხომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ ხომ არა, რომ მანამდე ყველანაირად სცადა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ არ გამოვიდა?! ყველაფერი მივეცით რუსეთს, საკუთარი სულის გარდა.

რუსეთი ჩვენ არასდროს განგვიხილავდა პარტნიორულ, მეგობრულ სახელმწიფოდ, ყოველთვის ტერიტორიულ დანაკარგად მივაჩნდით და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დღევანდელი ისტორიული შანსის გამოყენება. უნდა მოვახერხოთ, რომ კონფრონტაცია არ გადაიზარდოს ომში. სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ნატო. მარტო, იზოლირებულად არ უნდა დავრჩეთ. მე ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრება მაქვს ევროკავშირზე, ძალიან არ მომწონს მათი რეგულაციები და ბიუროკრატია, მაგრამ ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, დღეს საქართველოსთვის ის იმპერატივია, რომელიც გვჭირდება თავის დასაცავად.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში გაახშიროს პროვოკაციები…” – ოკუპირებული რეგიონებიდან პროვოკაციებს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ რუსეთის ყველა რესურსი მთლიანად უკრაინაზეა გადართული. გაცილებით სახიფათო იქნებოდა, რუსეთს უკრაინაში რომ არ ჰქონდეს ომი. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს და სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას, ქვეყანას ჰყავს სპეცსამსახურები, ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ამ დარგის პროფესიონალები გვაკლია, მთავარია, უწყებას სწორი ამოცანები დაუსახონ. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეინარჩუნოს კონსტიტუციური წესრიგი, სამოქალაქო მშვიდობა და არავის მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო აგვიფეთქონ. სწორი მართვით ვერც რუსეთის მოქალაქეები შეგვიქმნიან საფრთხეს. თუმცა უარესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გეგმა, როგორ დააბრუნებს ნებისმიერ მტრულად განწყობილ უცხოელს სამშობლოში”,- განაცხადა გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები