დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

პრეზენტაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა, მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ელექტრონულ პლატფორმაზე, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით.

ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები.

დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, მოადგილე გურამ ჭარელიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

პლატფორმის სანახავად გადადით ბმულზე: https://distancelearning.mes.gov.ge/v2/landing

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები