ფრანც კაფკას „დღიურების” ქართველი მთარგმნელის, რუსუდან ღვინეფაძის გარჯა ავსტრიის კულტურის სამინისტრომ საგანგებო პრემიით აღნიშნა

კაფკას დაბადების 140 წლისთავზე, წლულს, გამომცემლობა „ალაფმა” ქართველ მკითხველს ძვირფასი ლიტერატურული საჩუქარი გაუკეთა კაფკას „დღიურების” სახით, რომელიც სკრუპულოზური ოსტატობით თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ.
ავსტრიის ხელოვნებისა და კულტურის სამინისტრომ Ubersetzungspramie 2023 კაფკას დღიურების ქართველ მთარგმნელს გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსის ჰერმან ბროხის (1886-1951) რომანის „ვერგილიუსის სიკვდილის” (გამომცემლობა „ალეფი”)თარგმანის გამო რუსუდან ღვინეფაძეს პირველად 2019 წელს მიენიჭა ავსტრიის ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს იგივე პრემია.

რუსუდან ღვინეფაძის თავგანწირული შრომა და ლიტერატურული მოსავალი ქართული მთარგმნელობითი სკოლის ჭეშმარიტ მონაპოვარს და სიმდიდრეს წარმოადგენს, რომლითაც მუდამ თავს მოვიწონებთ. ავსტრიის კულტურის სამინისტროს ზემოთ ხსენებული პრემია ნათლად მოწმობს, თუ როგორ ღრმავდება და ახალ საფეხურზე ადის კულტურათა დიალოგი.
ვულოცავთ ქალბატონ რუსუდან ღვინეფაძეს ამ აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალჯერ მოეგვაროს მკითხველისთვის სიამოვნება თავისი მაღალმხატვრული თარგმანებით.
გიორგი ლალიაშვილი