ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბოლში, საავიავიო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბოლი არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus წარმატებით ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან წლებია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები