“ომის გაფართოება გარდაუვალია” – ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა კატარელ კოლეგას, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის უთხრა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომის გაფართოება “გარდაუვალია”.
ამის შესახებ ირანული ტელეარხი Press TV იტყობინება.
“ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის მზარდი ინტენსივობის გამო, ომის მასშტაბების გაფართოება გარდაუვალი გახდა“, – ამბობს ამირ აბდულაჰიანი კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს.
ირანი და მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები ლიბანში, იემენში, სირიასა და ერაყში ისრაელს ახალი ფრონტით ემუქრებიან.
ირანიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ავიამზიდების ორი ჯგუფი და ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა.
თუმცა, ამავე დროს, დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა თეირანს პირდაპირ მიანიშნა, რომ რეგიონში ვითარების ესკალაციას არ ცდილობს და არც არის ამით დაინტერესებული.