“არ ვცდილობთ ღაზას ოკუპაციას, არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას” – ნეთანიაჰუ

ისრაელი არ ცდილობს ღაზას სექტორის დაპყრობას, ოკუპაციას ან მის მმართველობას “ჰამასის” დამარცხების შემდეგ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ანკლავში „სანდო ძალები“ ​​უნდა შევიდნენ, რომ თავიდან აიცილონ დაჯგუფებისგან მომდინარე საფრთხე.

ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვცდილობთ ღაზას დაპყრობას, არ ვცდილობთ ღაზას ოკუპაციას, არ ვცდილობთ ღაზას მართვას. ვფიქრობ, გასაგებია, როგორი უნდა იყოს ღაზას მომავალი: ამ ბრძოლის ბოლოს არ იქნება “ჰამასი”, ჩვენ გავანადგურებთ “ჰამასს”, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის, ცივილიზაციისთვის, პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის. ჩვენ უნდა დავინახოთ ღაზას დემილიტარიზაცია, დერადიკალიზაცია, მისი აღდგენა და ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია“, – თქვა პოლიტიკოსმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, მაგრამ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდეს.

„ამიტომ, გვჭირდება სანდო ძალები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, შევლენ ღაზაში და გაანეიტრალებენ მკვლელებს. რადგან მხოლოდ ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის “ჰამასის” მსგავსი სტრუქტურის აღორძინებას“, – დასძინა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები