ირაკლი ანთაძე: ლევან დოთიაშვილს უკანონო დაკავების დროს სახის არეში დაზიანება მიაყენეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.
მისი თქმით, დოთიაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონოდ დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. როგორც თავად გვითხრა, უკვე ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. როგორც გვითხრა, ფიზიკური ძალადობა იყო მხოლოდ უკანონო დაკავების დროს. დანარჩენი გამოიკვეთება მის მიერ მიცემული ჩვენების შედეგად და შესაძლებლობა გვექნება, მეტ დეტალზე ვისაუბროთ.
ლევან დოთიაშვილი გახლავთ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. ასევე, გამოძიება ყოველთვის მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა სავარაუდო ვერსია შემოწმდება. გადაუმოწმებელი მონაცემებით, ინფორმაციით მანიპულირება არ არის პროდუქტიული და დამაზიანებელია პროცესისთვის. უნდა შემოწმდეს ყველა ვერსია და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.