საოკუპაციო რეჟიმი უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ვიდეოს ავრცელებს
ოკუპირებული ცხინვალის მედია სოფელ კირბალთან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ე.წ. კგბ-ში, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება.
დოთიაშვილი გავრცელებულ ვიდეოში 6 ნოემბერს მომხდარს იხსენებს.
„მე ვარ ლევან დოთიაშვილი, 1990 წელს დაბადებული, 25 ოქტომბერს. სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო თიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ, რომ დავიშალეთ, 2 მანქანით წავედით. ერთი მანქანა, სამნი, წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდევ წავედით ეკლესიაში, ლომისაში სანთლების დასანთებად“, – ამბობს ის ვიდეოში.
კითხვაზე, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა, დოთიაშვილი აცხადებს, რომ მასთან ერთად თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი იმყოფებოდნენ.
„საჭესთან იჯდა თამაზ გინტური, რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ“, – თქვა მან.
ამასთან, მას ეკითხებიან, თუ როგორ გააღეს კარები, რაზეც ის პასუხობს, რომ დაკეტილი კარები ცულით გააღეს.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს ხუთშაბათს, საღამოს საათებში გადასცემენ.
ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ გაიტაცეს, მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.