CPJ: ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის შედეგად დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი 39-მდე გაიზარდა
ისრაელსა და “ჰამასს” შორის 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ მედიის დაღუპული თანამშრომლების რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მანამდე, 36 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (Committee to Protect Journalists, CPJ) იტყობინება.
„9 ნოემბრის მდგომარეობით, კომიტეტის წინასწარი გამოძიების თანახმად, 7 ოქტომბრის ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 12 000-ზე მეტ ადამიანს შორის, სულ მცირე, 39 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტის ცნობით, მათ შორის არის პალესტინის 34, ისრაელის 4 და ლიბანის 1 მოქალაქე.
კომიტეტმა დასძინა, რომ სულ მცირე რვა ჟურნალისტი დაშავდა და კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.