თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ჩარმიან ლივერის შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ციფრული დერეფნის განვითარებასა და ამ მიმართულებით საქართველოს დაკავშირებადობის ზრდაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესგარემო რეგიონული ციფრული ჰაბის განსავითარებლად. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის პროექტი პრიორიტეტულია ევროპასა და აზიას შორის ციფრული დერეფნის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის მიმართ აქტიური დაინტერესება გამოხატა.
აღინიშნა, რომ პროექტმა უკვე გამოიწვია დიდი დაინტერესება როგორც ქართველი ტელეკომ-ოპერატორების, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან.