სოფელ კირბალში მომხდარი მკვლელობის ე.წ. ოქროს მოწმე: გასროლის 3 ხმა გავიგე – იქ რა მოხდა, იცის იმ ბავშვმა, ვინც დაჭერილია
სოფელ კირბალში მომხდარი მკვლელობის ე.წ. ოქროს მოწმემ, თამაზ პაპიტაშვილმა დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და 6 ნოემბერს მომხდარი გაიხსენა.
როგორც პაპიტაშვილი ამბობს, სოფელში ჩამოსვლის შემდეგ 3 გასროლის ხმა გაიგო და ის, თუ რა მოხდა ადგილზე, იცის ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ლევან დოთიაშვილმა.
“6 ვიყავით, ერთი გვიან მოვიდა და ადრე წამოვიდა, დავრჩით ხუთნი. სალოცავს შემოვუარეთ, მე ფეხით ვიყავი. ცუდად ვიყავი. რომ გადმოვედი ტყეში, არავინ დამინახავს. მე წამოვედი და იმის მერე იქ რა მოხდა, იცის იმ ბავშვმა, ვინც იქ დაჭერილია. გასროლის 3 ხმა გავიგე. სოფელში რომ ჩამოვედი, მერე ვინ ვნახე და ვინ არა, აღარ მახსოვს.
მილიცია სავსე იყო. ცოტა ხნის მერე მანქანა ჩამოაგორეს, რამდენი გადმოვიდა და რამდენი არა, არ ვიცი. იქ სასწრაფო იდგა და წამოიყვანეს იმით”, – აცხადებს თამაზ პაპიტაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.