“სოფელ კირბალში მომხდარი ტრაგედია 2008 წლის ომის პირდაპირი გამოძახილია, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა” – ზაალ კასრელიშვილი

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, სოფელ კირბალში მომხდარი ტრაგედია, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა 2008 წლის ომის პირდაპირი გამოძახილია.

ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“პირველ ყოვლისა, გვინდა, გინტურების ოჯახს, კირბალს, მთელ საქართველოს მივუსამძიმროთ. ოკუპაციას, უსამართლობას, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა.
საუბედუროდ, ეს პროცესი საქართველოში, ქართულ მედიასივრცეში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება გვინდა, გითხრათ. ეს ტრაგედია 2008 წლის ომის პირდაპირი გამოძახილია, პასუხისმგებლობა მთლიანად მაშინდელ ხელისუფლებას ეკისრება. ეს არის გამოძახილი და პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოში არცერთმა ხელისუფლებამ არ მიიღო კანონი ლუსტრაციის, კანონი სამშობლოს ღალატის და კანონი ცრუ ინფორმაციების გავრცელების შესახებ. არ ვფიქრობთ, რომ ოკუპანტი მხარე დამნაშავეებს დასჯის და მით უმეტეს, ჩვენ გადმოგვცემს. მათ შერჩათ ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობა და ალბათ, ეს მკვლელობაც შერჩებათ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ იცის. დროა, უკვე უსაფრთხოების ფილტრებზე ვიფიქროთ. საერთაშორისო საზოგადოებაში და მათთან შეთანხმებით პრაქტიკაში მაგალითები არსებობს, სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიურ სიტუაციაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ფილტრებია. ჩვენ ეს მაგალითები უნდა გადმოვიღოთ. კიდევ დამატებით მსხვერპლი რომ არ გაჩნდეს და კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები სულ არ დაიცალოს, სასწრაფოდ უსაფრთხოების ფილტრებია დასაყენებელი, ჩვენს პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან შეთანხმებით. ველოსიპედის მოგონება საჭირო არაა, საკმარისია ის პრაქტიკა გადმოვიღოთ, რაც მსოფლიოში არსებობს. პარტნიორ ქვეყნებთან (ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან) შეთანხმებით ეს ფილტრები შეიძლება, იყოს: საკონტროლო-გამშვები საგუშაგოები, საპოლიციო-სამხედრო პატრული, სწრაფი რეაგირების დანაყოფები, შორი მანძილიდან პერიმეტრის საკონტროლო საგუშაგოები და სხვა ღონისძიებები, რაც შეიძლება, ადგილზე არსებულ ვითარებას საჭიროებისამებრ, გრძელვადიანი პერიოდისთვის მიუსადაგო”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები