უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ “ომი ჩიხში შევიდა”, ასევე, მასზე პრეზიდენტის ოფისის რეაგირება, მიუთითებს სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის უთანხმოებაზე.
ამის შესახებ New York Times-ის სტატიაშია ნათქვამი.
როგორც აღნიშნულია, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ ზალუჟნის განცხადება „აგრესორის საქმეს აადვილებს“ და უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში “პანიკას იწვევს”.
NYT წერს, რომ ზელენსკის და ზალუჟნის შორის უთანხმოება იმ დროს გამწვავდა, როდესაც უკრაინას პრობლემები აქვს როგორც სამხედრო, ასევე, დიპლომატიურ ფრონტზე.
გამოცემა აღნიშნავს ბრძოლის ველზე შესამჩნევი პროგრესის ნაკლებობას და მძიმე დანაკარგებს, ასევე, იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთ დედაქალაქსა და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრებში მზარდია სკეპტიციზმი უკრაინის შემდგომი დახმარების მიმართ.
NYT წერს, რომ პოლიტიკოსები უკრაინასა და მოკავშირე დედაქალაქებში ერთმანეთს უკრაინის შეტევის შენელებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის ოფიციალური პირები მიანიშნებდნენ, რომ უკრაინა წარმატებას იმიტომ ვერ აღწევს, რომ თავის ძალებს არასწორად ანაწილებს, ხოლო ზელენსკიმ თქვა, რომ მის არმიას თავდასხმისთვის საკმარისი იარაღი არ მიუღია.
როგორც გამოცემასთან საუბარში “კიევ-მოჰილანსკის აკადემიის” ეროვნული უნივერსიტეტის შედარებითი პოლიტოლოგიის პროფესორმა, ოლექსი გარანმა თქვა, “ზელენსკის თანაშემწეები შესაძლოა, შეშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ გენერალ ზალუჟნის ნაკლებად ოპტიმისტური დასკვნები ასახავს ზოგიერთ მოკავშირეში სურვილის ნაკლებობას, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს”.