ირაკლი ანთაძე – სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობაზე: ოქროს მოწმე არსებობს და ის, დღეს, იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს მკვლელობას ოქროს მოწმე ჰყავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის მკვლელობა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღმოაჩინონ დამატებითი დეტალები, რომლებიც ნათელს მოჰფენს მომხდარ ფაქტს.
„ამ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, სწორედ ეს არის ის ინფორმაცია, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ტერიტორიაზე მოხდა. ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას.
ოქროს მოწმე არსებობს და ის, დღეს, იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რომელიც, დამატებით, ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს. მაგრამ, ამ მომენტისთვის, ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ, სწორედ ის პიროვნება გახლავთ, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის დაუყოვნებლივ დაბრუნებაც მოვითხოვეთ დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა ანთაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.