Reuters: “ჰეზბოლა” გრძელვადიანი ომისთვის ემზადება
ლიბანური დაჯგუფება – “ჰეზბოლა” ისრაელთან სასაზღვრო შეტაკებისას საკუთარი დანაკარგების შემცირებაზე მუშაობს, რადგან შესაძლო გრძელვადიანი კონფლიქტისთვის ემზადება.
ამის შესახებ Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, ომის დაწყებიდან, დაჯგუფებამ 47 მებრძოლი დაკარგა, რაც დაახლოებით 20%-ია იმ დანაკარგთან შედარებით, რაც მან 2006 წელს ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომის დროს განიცადა.
აღნიშნულია, რომ საზღვრისპირა სროლების დროს “ჰეზბოლა” იყენებდა ადგილობრივად აწყობილ მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და, ძირითადად, დაზვერვისთვის გამოყენებად დრონებს.
გარდა ამისა, დაჯგუფებამ პირველად გამოიყენა საზენიტო რაკეტები. Reuters-ის ერთ-ერთმა წყარომ განმარტა, რომ მათი გამოყენება იყო “ჰეზბოლას” მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო მსხვერპლის შემცირებაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ “ჰეზბოლა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეიარაღებული არასახელმწიფო დაჯგუფებაა, რომლის რიგებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი იბრძვის.
Reuters-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ არაბულ “ჰეზბოლას” ისრაელზე თავდასხმის უფლება მისცა, მაგრამ ისე, რომ ამას მნიშვნელოვანი ესკალაცია არ მოჰყოლოდა და თავად ირანი არ იყოს უშუალოდ ჩართული კონფლიქტში.