მარკ რუტე: ევროკავშირის ქვეყნებისთვის ბიუჯეტში დამატებითი შენატანის თხოვნის ნაცვლად, ბრიუსელმა უნდა შეამციროს ხარჯები, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა
ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავის მრავალწლიან ბიუჯეტში დამატებითი შენატანის თხოვნის ნაცვლად, ბრიუსელმა უნდა შეამციროს ხარჯები. როგორც გამოცემა „ევროაქტივი“ წერს, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს წინაშე ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე გუშინ განიხილავდნენ ევროკომისიის თხოვნას 2021-2027 წლების ბიუჯეტში 66 მილიარდ ევროს დამატებით შენატანზე იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, გაუმკლავდეს ფინანსურ სირთულეებს, რაც დაკავშირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან, მიგრაციის მართვასა და პანდემიის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის სესხის ხარჯების ზრდასთან.
მარკ რუტემ თქვა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ზრდა სავარაუდოდ აუცილებელია, თუმცა, მან მედიასთან განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ბიუჯეტის შიგნით პრიორიტეტების შეცვლის გზით.
„ისევე, როგორც ეროვნულ ბიუჯეტში, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა. ჩვენ იმავეს გაკეთება გვიწევს ნიდერლანდებში“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ არავინ ელოდება მოუთმენლად ბრიუსელისთვის საფულეების გახსნას ხარჯებზე დიდი ზეწოლის პერიოდში.
ამავე დროს, მარკ რუტემ თქვა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დამატებით დაფინანსებას. რუტეს თქმით, ის ფიქრობს, რომ ამას ევროკავშირის ყველა წევრი ან უმრავლესობა მხარს უჭერს.