ნივ რავივი და ნირელ ზინი – დაკრძალვა ნიშნობის ნაცვლად
27 წლის ნივ რავივი და 31 წლის ნირელ ზინი – ახალგაზრდა წყვილი ისრაელიდან, რომელიც დანიშვნას და ერთად ცხოვრებას გეგმავდა, სანამ „ჰამასის“ ტერორისტები მათ არ დახოცავდნენ.
წყვილმა ერთმანეთი ჯარში მსახურების დროს გაიცნო. მიმდინარე წლის დასაწყისში, მშვიდი და უბრალო ცხოვრების ძიებაში, კიბუცში გადასახლდნენ. რავივმა ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო ზინის სამართალი უნდა ესწავლა.
2015 წლის 10 ოქტომბერს ზინი დასავლეთ სანაპიროზე მსახურების დროს დაჭრეს. მას მერე, ყოველი წლის იმ დღეს წყვილი მადლიერების დღეს აღნიშნავდა, კაცის გადარჩენის და რეაბილიტაციის აღსანიშნად.
მათი ოჯახის თქმით, 2023 წლის 10 ოქტომბერს ზინი ხელის თხოვნას აპირებდა რავივისთვის. რავივს უნდოდა, რომ 10 ოქტომბერს დანიშნულიყვნენ, ერთ წელიწადში კი, ქორწილი გადაეხადათ. ამის მაგივრად, ისინი დაგეგმილ თარიღამდე სამი დღით ადრე მოკლეს. წყვილის ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდა ცნობას მათი ცხედრების ადგილმდებარეობის შესახებ, ბოლოს კი, ისინი ერთად დაკრძალეს.
„ისინი ექვსი თვის წინ გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად. მათ კიბუცში მშვიდი და უბრალო ცხოვრება უნდოდათ. ამბობდნენ, რომ იქ სამოთხეა. ისეთი ბედნიერები იყვნენ… ყოველთვის აქტიურები – ეხმარებოდნენ სხვებს, სწირავდნენ ფულს. ისინი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ“, – ამბობს შაჰალი, რავივის რძალი.
ნოამ ზინიმ, ნირელის ძმამ, დაიფიცა, რომ თავის შვილებს აუცილებლად მოუყვება მათი ბიცოლისა და ბიძის ამბებს.
„მე თქვენ ორივე მემახსოვრებით, ჩემს გულში ხართ. არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ გავამთელოთ ჩვენი გატეხილი გულები. უკვე აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ.
თქვენ გვერდიგვერდ დაგკრძალეს და ასე დარჩებით სამუდამოდ. ნივ, მე არასდროს დამავიწყდება შენი ღიმილი. შენ ნირელისთვის ძალა იყავი – მჯერა, რომ ის შენთვის ყველაფერი იყო და ისიც ვიცი, რომ მან შენთვის თავი არ დაზოგა. ჩვენ უსასრულოდ გვეყვარებით და არასდროს დაგივიწყებთ“, – ამბობს ნოამი.