“რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის შემოწმებას ვგეგმავთ, რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემაა” – ვახტანგ კობალაძე

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, ორგანიზაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობას შეამოწმებენ.

“საქართველოში წლების განმავლობაში რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებობს. რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია მცენარეული ცხიმის გამოყენებით ხდება. როდესაც რაიმე პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდება, არ შეიძლება, რომ მასში მცენარეული ცხიმი იყოს გარეული. მაგრამ, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ამას აკეთებენ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო იაფი ჯდება, წარმოებისას აღნიშნულ ხერხს მიმართავენ. ჩვენმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა რძის ნაწარმი გამოიკვლია და ბევრ მათგანში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა, რის შემდეგაც პეტიცია შევიმუშავეთ, რომელსაც ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ხელისუფლებას მივმართეთ. ამ საკითხს 1-2 წლის მუშაობა დასჭირდა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული. მანამდე, ნებისმიერი პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით შეიძლებოდა, გაყიდულიყო. კონტროლი მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ამ საკითხის გაკონტროლება “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” დაევალა. ამას შემდეგ “სურსათის ეროვნული სააგენტო” და ჩვენც ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში რძის ნაწარმის შემოწმებას ვახდენთ. ყოველი შემოწმებისას დარღვევებია. დარღვევის შემთხვევაში სანქციებია: ბაზრიდან შესაბამისი პარტიის ამოღება და მცირე ჯარიმა 200- 500 ლარის ოდენობით. თუ ფალსიფიკაცია ჩაითვალა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც ატარებს. შესაბამისად, “სურსათის ეროვნული სააგენტო” ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უგზავნის. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, 2023 წლის მარტის თვისაა, დამნაშავეებმა პასუხი მხოლოდ 2 შემთხვევასთან დაკავშირებით აგეს. ამ დარღვევის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა საკმარისი არაა. “სურსათის ეროვნული სააგენტო” ყოველწლიურად კი ამოწმებს დაახლოებით 100 ნიმუშს, მაგრამ ბაზარზე იმდენი რძის პროდუქტია, 100 ნიმუშის შემოწმება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს და შესაძლებლობების ფარგლებში მონიტორინგი განვახორციელოთ. ამას წლების მანძილზე ვცდილობთ. როცა საშუალება გვაქვს, სავაჭრო ქსელიდან ნიმუშებს ვყიდულობთ, აკრედიტებულ ლაბორატორიაში მიგვაქვს, იქ მოწმდება და შედეგებს ვაქვეყნებთ.
რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად საზოგადოებრივ მონიტორინგს ვაახლებთ და ამ მიზნით თანხების შეგროვებას ვიწყებთ. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, ამ საქმეში საკუთარი მოქალაქეობრივი წვლილი შეიტანოს. თანხის გადმორიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზეა შესაძლებელი: TBC ბანკი – GE53TB7606836020100005; საქართველოს ბანკი – GE65BG0000000161129735.
ჯერჯერობით, წინასწარ განსაზღვრული არ გვაქვს, კონკრეტულად რომელ პროდუქტს შევამოწმებთ, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი თანხა შეგროვდება. მცენარეული ცხიმის შემცველობაზე თითოეული ნიმუშის შემოწმება 70 ლარი ღირს. თუ საკმარისი თანხა მოგროვდა, ყველა ტიპის, როგორც მსხვილი, ისე წვრილი ქარხნების, ოჯახური მეურნებობების მიერ წარმოებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმება გვინდა. ამ შედეგების ერთმანეთთან შედარება ძალიან საინტერესო იქნება, ვეცდებით, პროდუქცია, რომელსაც შევამოწმებთ, მრავალფეროვანი იყოს”, – განაცხადა კობალაძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში ყველის ნიმუშებს ამოწმებს. როგორც კობალაძემ განაცხადა, მოწმდება რამდენიმე სანიტარიული მაჩვენებელი: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი.

“უვნებლობის შემოწმება ჩვენი მეორე ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის დონორის დაფინასნება გვაქვს. პროექტის ფარგლებში ჩვენი რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები გვყავს შერჩეული, რომლებიც ყველის ნიმუშებს საქართველოს 4 რეგიონში ყიდულობენ. დღეის მონაცებეით, 35 ნიმუშია შემოწმებული. დარღევევა 8 ნიმუშშია აღმოჩენილი. ყველი 3 სხვადასხვა პარამეტრზე შევამოწმეთ, ნაწილი კოლიფორმებსა და სალმონელაზე, მეორე ნაწილი კოლიფორმებსა და სტაფილოკოკზე. ყველში სხვა დარღვევებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს 3 საქართველოში გავრცელებული დამაბინძურებლებია, რაც ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობასთანაა დაკავშირებული. როგორც გითხარით, დარღვევა 8 ნიმუშში აღმოჩნდა, ზოგან არის 1, ზოგან 2 დამაბინძიურებელი. ძირითადად დაბინძურებული აღმოჩნდა მცირე მეწარმეების, ან ოჯახური მეურნეობობის მიერ წარმოებული ყველი, ქარხნული ყველი მხოლოდ 1 აღმოჩნდა დაბინძურებული”, – განაცხადა კობალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები