გია ხუხაშვილი: ისრაელი სრულად მტრულ გარემოშია მოქცეული, ყველა მისი მეზობელი მის შეჭმას ლამობს
“ეს არ არის პალესტინა-ისრაელის ომი. მას აქვს გლობალური განზომილება და ატარებს მსოფლმხედველობრივ ხასიათს. ასეთი ომების დროს გონება ითიშება, პრაგმატიზმი გადადის უკანა პლანზე და შემოდის უფრო საკრალური, ემოციური ელემენტები. ასეთი ომები განსაკუთრებით სასტიკი და დაუნდობელია”, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიში აცხადებს.
როგორც ხუხაშვილი ისრაელში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ამბობს, ისრაელი სრულად მტრულ გარემოშია მოქცეული.
“რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს, ახლა მთავარი დრამა ვითარდება იმ პოზიციურ ბრძოლებში, რაც მიმდინარეობს რეგიონული თუ გლობალური მასშტაბით. ახლა მნიშვნელოვანია იმუშაოს შემაკავებელმა ფაქტორებმა, რათა ეს ალი არ მოედოს მთელ ახლო აღმოსავლეთს, რისი რისკებიც არის. ისრაელი სრულად მტრულ გარემოშია მოქცეული, ყველა მისი მეზობელი მის შეჭმას ლამობს. ისინი ახლა აკვირდებიან ვითარებას და ელოდებიან, რომ ისრაელმა რაიმე შეცდომა დაუშვას ან სისუსტე გამოავლინოს, ხოლო აშშ, დიდი ბრიტანეთი და მთელი ევროპაც პრინციპში ერთგვარ შემაკავებელ ფარს აკეთებენ ისრაელის ირგვლივ.
ყველაზე მეტი რისკები მომდინარეობს ირანიდან, მისი გაგრძელებაა “ჰესბოლა”, რომლის დარტყმის საფრთხეც ლიბანიდან დიდია. აშშ-მა ისრაელთან ატომური საავიამზიდო ჯგუფი გაგზავნა, ასევე გაგზავნა ფლოტი ბრიტანეთმაც. ისრაელი თავის პრობლემებს ღაზასთან დაკავშირებით თვითონვე მიხედავს, მაგრამ მთავარია, დომინოს პრინციპით არ განვითარდეს მოვლენები. მუსლიმანური ქვეყნების ხელისუფლებებსაც შიდა ზეწოლა აქვთ, რელიგიური ფაქტორი იქ ძალიან მძლავრობს. არაბული სამყაროს ქვეყნები იქნება, ირანი თუ თურქეთი, რელიგიურ ნიადაგზე არიან საზოგადოების ზეწოლაში. შეიძლება ისინი სულაც არ არიან მზად აქტიური ქმედებებისთვის, მაგრამ უწევთ საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინება და ესეც დამატებითი რისკფაქტორია… თითქოს აბსურდია, რომ ნატოს წევრი თურქეთი ასეთ პოზიციაზე იყოს როგორ განცხადებებსაც აკეთებს ერდოღანი, მაგრამ ის ამით ხარკს უხდის სწორედ საზოგადოებრივ განწყობებს. როცა ამ ყველაფერში რელიგიური ელემენტი შემოდის, ეს მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების ნაწილია და განსაკუთრებულად ამძაფრებს ვითარებას. ისრაელს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ ღაზის პრობლემა ძველებურ რეჟიმში დატოვოს. ეს პრობლემა რამენაირად უნდა გადაწყდეს, თუნდაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ბუფერული ზონის შექმნით რისკების მეტ-ნაკლებად შესამცირებლად. ჰუმანიტარული პრობლემები არ უნდა გამწვავდეს, რადგან ამანაც შეიძლება ააფეთქოს ვითარება. “ჰამასი” თავის შვილებს, დედებსა და მამებს ცოცხალ ფარად იყენებს. ამან შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, მაგრამ, ვფიქრობ, ისრაელი ამ ყველაფერს ითვალისწინებს. ამაზე მისი პირველი ოპერაციებიც მეტყველებს. სრულმასშტაბიანი შეტევა კი არ დაიწყეს, არამედ ომით ერთგვარად დაზვერვა ჩატარდა, თანაც წარმატებულად და იმედისმომცემად. საჭიროა ემოციების ჩაწყნარება და გადაწყვეტილებების მიღება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას – არა ირანი, არამედ სწორედ რუსეთი. ის არც მალავს, რომ აშკარად ტერორისტების მხარეს არის.
არავის ისე აწყობს ამგვარი კონფლიქტების აფეთქება როგორც რუსეთს, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს, ფაქტობრივად, უპერსპექტივო ომს აწარმოებს და ახლა მნიშვნელოვანია დაძაბულობის ვექტორის გადატანა სადმე სხვაგან და ასევე დასავლური რესურსების დაქსაქსვა და ამოსუნთქვის საშუალების მიღება. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ რუსეთის ტიპის ქვეყნები არასდროს აკეთებენ ერთსვლიან კომბინაციებს. ბუნებრივია, კრემლს ილუზია არ ექნებოდა, რომ პალესტინას ისრაელთან რამე გამოუვიდოდა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდა. მათ შემდგომი სვლებიც ექნებათ მომზადებული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. ვითარება ძალიან დაძაბულია, მაგრამ იმედია, ეს ყველაფერი მანამ დასრულდება, სანამ ფუნდამენტალიზმი იფეთქებს და ვითარება უკონტროლო გახდება. უკრაინაში მძიმე მდგომარეობის გადასაფარად რუსეთმა დაიწყო შენელებული ნაღმების აფეთქება – მისი გეგმაა, რაც შეიძლება ბევრი ცხელი წერტილი გააჩინოს, რათა აქცენტები გადაიტანოს სხვაგან და დასავლეთის რესურსები დაქსაქსოს.
აშშ-სა და მის მოკავშირეებს განუზომლად დიდი რესურსი აქვთ, ვიდრე მათ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შექმნის პრობლემებს და უკრაინის საკითხის გადაწყვეტა შეიძლება გადავადდეს, მაგრამ ის, რომ რესურსი ამოიწურება და უკრაინა ომს წააგებს, გამორიცხულია. რუსეთს არანაირი კოზირი აღარ აქვს იმისა, რომ ამ ომში რაიმე გარდატეხა მოახდინოს. უკრაინა სულ დახმარების გარეშეც რომ დარჩეს, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი აღარ აქვს. უკრაინისთვის ეს არის სამამულო ომი. რუსეთმა გამარჯვებულად რომ ჩათვალოს თავი, ქვეყანაზე კონტროლის დამყარება უნდა შეძლოს. კრემლმა ძალიან დიდი სამხედრო უპირატესობაც რომ მოიპოვოს, მას კონტროლის დამყარების შანსი აღარ აქვს. რუსეთი იმ იმედით კი არ არის, რომ უკრაინაში ომს მოიგებს, არამედ იმას ელოდება, რომ ვიღაც დაიღლება, მასთან მოლაპარაკებას გამართავს და რაღაცაში შეუთანხმდება. დღეს რუსეთი იმპერიის გაფართოებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ზრუნავს იმპერიის რაღაც ნაწილი მაინც შეინარჩუნოს და მთელი ქვეყანა არ დაექცეს თავზე”, – განაცხადა ხუხაშვილმა.