ივანე ჩხაიძე: 2022 წელს გრიპის ვირუსი აქტიურად ცირკულირებდა ზაფხულის განმავლობაშიც – წლევანდელი წელიც ამ მხრივ გამოირჩევა
“2022 წელს გრიპის ვირუსი აქტიურად ცირკულირებდა ზაფხულის განმავლობაშიც, რაც არასოდეს არ ყოფილა პანდემიამდე პერიოდში. წლევანდელი წელიც ამ მხრივ გამოირჩევა”,- ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სექტემბერში დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევები განეკუთვნება ადრეულ შემთხვევებს, რაც პანდემიის ზეგავლენით არის განპირობებული.
“სექტემბერში დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევები, რა თქმა უნდა, განეკუთვნება ადრეულ შემთხვევებს, რაც პანდემიის ზეგავლენით არის განპირობებული.
ის შეზღუდვები რომელიც პანდემიის პერიოდში არსებობდა, ეფექტური იყო არამხოლოდ კორონავირუსის, გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც. პრაქტიკულად ჩვენ 2 წელი გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები გვქონდა და ამ შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია სწორედ მათი გააქტიურება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “კურიერთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.