კავკასია შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის განახლებადი ენერგიის წარმოებას და ევროკავშირს ეს ენერგია უსაფრთხოდ მუშაობისთვის დასჭირდება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კავკასიური განახლებადი ენერგიის ევროპაში შეტანაში.
„ჩვენ ახლა ვცდილობთ, გადავიტანოთ ევროკავშირის ენერგომომარაგება მდგრად, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, განახლებადი ენერგიების წყაროებზე. როგორც ევროკავშირს ახლა არ შეუძლია, დააკმაყოფილოს თავისი ენერგეტიკული საჭიროებები წიაღისეულ ეპოქაში გარე წყაროების გარეშე, ასევე, მას დასჭირდება გარე წყაროები განახლებადი ენერგიის ეპოქაში, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოება. კავკასიის რეგიონი იქნება ერთ-ერთი ასეთი გარე წყარო. კავკასია შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის განახლებადი ენერგიის წარმოებას და ევროკავშირს ეს ენერგია უსაფრთხოდ მუშაობისთვის დასჭირდება. ახლა საკითხია, მიაღწევს თუ არა კავკასიაში წარმოებული განახლებადი ენერგია ევროპამდე. ეს უბრალოდ ინფრასტრუქტურის საკითხია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმება რომელიც ჩვენ გავაფორმეთ აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გასულ წელს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობას. ასე რომ, საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლისთვის და ჩვენ, უნგრელებს შეგვიძლია, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ კავკასიური განახლებადი ენერგიის ევროპაში შემოტანაში“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.