საპატრიარქო: მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს
საქართველოს საპატრიარქომ არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, კომისიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.
„მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპს, მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისმწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება.
საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.
