თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს – გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს – გიორგი მურუსიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.