მიხეილ სარჯველაძე: შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ
,,მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს, თუმცა, გაზრდილი შესაძლებლობებით, ყველა მათგანი დაძლევადია.
„არსებობს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში. თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, წლიდან – წლამდე ჰქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია.
აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი. თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი. ყველა მაჩვენებლის და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, პენსიის ზრდა ხორციელდება, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს.
შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით და იმის მიხედვით რომ არ ვისაუბროთ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ამაზე მეტყველებს, მაგალითად, საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები, იგივე ჯანმოს კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკაა ნაჩვენები წლების განმავლობაში. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლების განმავლობაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში.
ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი – დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული მედიკამენტის ხარისხის კონტროლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.