ბაიდენი: ისრაელზე თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა – ტერორიზმს გამართლება არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელში არსებულ სიტუაციას „ძალიან მჭიდროდ აკვირდება“.
როგორც მან თეთრ სახლში, ვარდების ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოთხშაბათს დილით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა… და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, თეთრის სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის „ურყევი“ მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ.
„შეერთებული შტატები ზურგს გიმაგრებთ და ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც ვიმუშაოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.