რუსეთმა გერმანიის მიმართულებით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი შეწყვიტა

რუსეთმა დღეიდან „დრუჟბას“ მთავარი ნავთობსადენით გერმანიის მიმართულებით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით დადასტურდა.

გადაწყვეტილება ეხება ყაზახეთის ნავთობს, რომელიც გერმანიაში რუსეთის ტერიტორიის გავლით მიეწოდებოდა. ყაზახური ნავთობი, რომელიც „დრუჟბას“ მილსადენით გერმანიაში გადაიტანეს, 1 მაისიდან სხვა ხელმისაწვდომ ლოჯისტიკურ მიმართულებებზე გაიგზავნება.

მინისტრის მრჩეველმა და ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასელ სერიკპაევამ, განმარტა, რომ მაისში „დრუჟბას“ სისტემით ტრანსპორტირების შეჩერების გამო, რესპუბლიკა 260 000 ტონა ნავთობს ალტერნატიულ მარშრუტებზე – უსტ-ლუგას პორტში (ბალტიის ზღვა) და კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) სისტემაში გადაანაწილებს.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილებები გავლენას არ ახდენს ნავთობის წლიური წარმოების გეგმის შესრულებაზე. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყაზახეთს საშუალებას აძლევს, სრულად უზრუნველყოს სტაბილური ექსპორტი და ნედლეულის შეუფერხებელი მიწოდება გლობალურ ბაზრებზე“, – აღნიშნა მან.

ტრანზიტის შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიისთვის, სადაც „დრუჟბას“ მილსადენი ნავთობით ამარაგებს Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას — ერთ-ერთ მთავარ ობიექტს, რომელიც ბერლინისა და მიმდებარე რეგიონების საწვავით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ცნობისთვის, 2025 წელს ყაზახეთის ნავთობის გერმანიაში (შვედტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში) მიწოდებამ 2.1 მილიონი ტონა შეადგინა. წელს „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები