გორის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, მერის პირველ მოადგილესთან იოსებ მაზმიშვილთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს სოფელ თორტიზაში, სადაც 800 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც საავტომობილო გზის საფარის მოწყობა, ისე ეზოებში შესასვლელების მოწესრიგება. უკვე დასრულებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება.
მერმა ასევე დაათვალიერა სოფელ თორტიზაში მოწყობილი სკვერი, სადაც უკვე განთავსებულია ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო სივრცე.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ რეხაშიც იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.