FT: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის,- აღნიშნულის შესახებ უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.
“ევროკავშირის ლიდერების უარმა უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და ზელენსკის ადმინისტრაციის მზარდი ევროსკეპტიკური რიტორიკა ძირს უთხრის კომპრომისის პოვნის მცდელობებს,” – აღნიშნავს გამოცემა.
ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთმა და გერმანიამ შესთავაზეს ეტაპობრივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მიიღებს „სიმბოლურ“ შეღავათებს და ევროკავშირის მექანიზმებზე თანდათანობით წვდომას რეფორმების ეტაპების განხორციელების სანაცვლოდ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნიშნავს სრულ წევრობამდე სულ მცირე ათი წლის გასვლას.
გასულ კვირას, ზელენსკიმ ევროკავშირს სამართლიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სიმბოლური წევრობა არ სჭირდება.
ორი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკიმ თავის დიპლომატებს დაავალა, რომ არ განიხილონ და საერთოდ არ შევიდნენ ევროკავშირის მთავრობებთან ასეთ წინადადებებზე დისკუსიაში, არამედ, ისაუბრონ მხოლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. „ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.