იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში Land and Property Research Conference მონაწილეობს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება.
კვლევითი ნაშრომი – „Unlocking the Immovable PropertyMarket: Tokenization Vision for Georgia“, კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად გამოვლინდა და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მომსახურების სისტემების განვითარებაზე და სახელმწიფო სერვისებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე. სამინისტროს მონაწილეობა საერთაშორისო პლატფორმაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.
კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის, მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესებისა და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.
„ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოში ტოკენიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი მიწის ადმინისტრირების დარგში, მოხიბლული ვარ იმ შესაძლებლობებით, რასაც ეს ფინანსური სექტორისთვის მოიტანს. გუნდს ვუსურვებ დიდ წარმატებას ამ ძალიან ტრანსფორმაციული პროექტის განვითარებაში“, – განაცხადა იააპ ზევენბერგენიმ, ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულების პროფესორმა.
„დიდი პატივი იყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მოსმენა, რომელიც ეხებოდა მიწის ადმინისტრირებაში ბლოკჩეინის გამოყენებას. ეს არის ძალიან ინოვაციური სისტემა. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა საჯარო სექტორში უნდა იყოს გაციფრულებული და ბლოკჩეინზე გადასვლა მართლაც შესანიშნავია, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას და სასიკეთოა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, ეს მართლაც ძალიან კარგი ინიციატივაა. საქართველოს ვუსურვებთ წარმატებას და გვსურს ვიხილოთ ამ საქმიანობის მრავალი სარგებელი, რათა სხვა მთავრობებმაც შეძლონ სწავლა და მსგავსი მიღწევების განხორციელება“, – განაცხადა ვალიაპან რაჯუმ, გერმანიის GISMA-ს უნივერსიტეტის ფინტექის მიმართულების პროფესორმა.