“ომის ბოლო ეტაპზე ვართ” – ზელენსკი მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრისთვის მზად არის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, პრეზიდენტად მეორე ვადით იყაროს კენჭი, თუ არჩევნების მომენტისთვის რუსეთთან ომი დასრულებული არ იქნება.

ამის შესახებ მან რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში თქვა.

„ომი რომ გაგრძელდეს – დიახ, ომი რომ დამთავრებულიყო – არა. ომის დროს ვერ გავიქცევი“, – თქვა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ როდის დასრულდება ომი, ზელენსკიმ თქვა: „ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, ვფიქრობ, ვერავინ შეძლებს. მე ვიცი, რომ ჩვენ მივდივართ კონტრშეტევაზე, რომ რუსეთი დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს. ვფიქრობ, ვიცი როდის, მაგრამ ასევე ვერ გეტყვით. ეს ომის ბოლო ეტაპია. ეს არ არის მისი შუა ნაწილი. პირველი ეტაპი იყო ოკუპაცია, რასაც მოჰყვა შეტევის შეჩერება და ინიციატივის საკუთარ ხელში აღება. მგონი ბოლო ნაწილში ვართ. ბევრი შიში გვაქვს: ფული, იარაღი… მაგრამ ბოლო, ყველაზე რთულ ეტაპზე ვართ”.

უკრაინაში მომდევნო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი კენჭისყრა საომარი მდგომარეობის დროს დაუშვებელია.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზელენსკი ამბობდა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი ვადით დარჩებოდა, რათა „შეცვალოს სისტემა მომავლისთვის“ და შემდეგ გადასცეს ის „პოლიტიკოსების ახალ თაობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები