“საქართველოს პრემიერმინისტრის და არა პრეზიდენტის გუნდი პრაგმატული ხალხისგან შედგება, ამიტომ საზღვრებზე პროვოკაციები დიდად არ ყოფილა” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ “საქართველოს პრემიერმინისტრის და არა პრეზიდენტის გუნდი პრაგმატული ხალხისგან შედგება, საზღვრებზე პროვოკაციები დიდად არ ყოფილა”.
ამის შესახებ მან “იზვესტია”-სთან საუბარში თქვა.
მისი თქმით, “აფხაზეთის საჰაერო სივრცეს” ხანდახან ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ, გარკვეულწილად “საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე”.
ამავდროულად, დე ფაქტო ლიდერი ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკა მშვიდობით და კეთილმეზობლობით არის დაინტერესებული, და ამ მხრივ “ბურთი საქართველოს მოედანზეა”.
“როგორც მეჩვენება, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ, პრემიერმინისტრს და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს – ეს პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, პროვოკაციებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ. მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი იქ დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია. ამიტომ ჩვენი სისუსტით არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ, ვიცით რა გვჭირდება და როგორ მოვიქცეთ. ამავდროულად, მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობითა და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ბურთი მათ მოედანზეა”,- თქვა ბჟანიამ.