გიორგი ვოლსკი: კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი
“კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი. კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება.
ვოლსკის თქმით, ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს.
„კარავზე იყო ლაპარაკი, უსაფრთხოების სამსახური გარკვეულ გეგმებზე ლაპარაკობდა და ამ გეგმების ერთ ერთი ფრაგმენტი იყო, რომ კარავში უნდა მოხდეს რაღაცის აფეთქება, ან რაღაც ისეთის შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს დესტაბილიზაციისთვის პროცესების განვითარებას. ზოგადად, მანიფესტაცია არავის შეუზღუდავს, მაგრამ მანიფესტაციები, რომლებიც იგეგმება, არის ის სცენარი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. კარვით იქნება თუ უკარვოდ, დაპირისპირებაა დაგეგმილი, რასაკვირველია, კარვების არსებობის შემთხვევაში, ამის ორგანიზება უკეთ შეიძლება მოხდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.