“უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებამდე რთული საკითხები უნდა გაირკვეს” – ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს, ძალიან “რთულ კითხვებზე“ პასუხის გაცემაა საჭირო.
დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.
დიპლომატების განცხადებით, უნგრეთი შესაძლოა, დაბრკოლება იყოს.
„ჩვენ ვერ ავირიდებთ კითხვებს – როდესაც გვექნება ბრიუსელში მოლაპარაკებები უკრაინის მომავალზე – შეგვიძლია თუ არა, სერიოზულად ვიფიქროთ ქვეყნის წევრობაზე, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია“, – განუცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოს.
”ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან ქვეყნიდან…ქვეყანა, რომ ევროკავშირში დაიშვას მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა.
ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ მივიღებთ რეალურ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ,” – თქვა მან.
ვიქტორ ორბანმა ორშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო საქმეებში, სანამ იქ ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება.
უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე, მაგრამ მიესალმა უკრაინელ ლტოლვილებს.