WSJ: ოლაფ შოლცმა კიევისთვის შორი მანძილის რაკეტების – Taurus-ის გადაცემა გადადო
გერმანიამ, რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების შიშის გამო, უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების – Taurus-ის გაგზავნა გადადო.
ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ გერმანიას უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნა მოუწევს, რომლებიც ადგილზე ამ საკმაოდ რთული სარაკეტო სისტემების ექსპლუატაციასა და მომსახურებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ბერლინში კი მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ფაქტმა შესაძლოა, უბიძგოს რუსეთს გერმანიასთან პირდაპირი კონფრონტაციისკენ.
Taurus არის Storm Shadow-ის და Scalp-ის რაკეტების გერმანული ვერსია, რომელიც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე გაგზავნეს უკრაინაში.
WSJ წერს, რომ ეს რაკეტები დაეხმარებოდა უკრაინას შორი მანძილის რაკეტების შემცირებული მარაგის შევსებაში, რომლებსაც ისინი სარკინიგზო ხაზებზე, საბრძოლო მასალების საწყობებისა და სამეთაურო ცენტრების განადგურებისთვის იყენებენ.
გერმანიის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამპარტიულმა კოალიციურმა მთავრობამ პრინციპში დაამტკიცა Taurus-ის მიწოდება, მაგრამ კანცლერმა – ოლაფ შოლცმა ეს ნაბიჯი შეაჩერა.