ყოველწლიურად საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც მისი ხელმოწერის დღიდან, 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში და ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას საერთო მიზნებისადმი.
„როდესაც ჩვენი თანამშრომლობის სიღრმეებს ვიაზრებთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვაჭრობა ოდითგანვე იყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში. ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას საერთო მიზნებისადმი. მეგობრებო, მივესალმებით ჩინეთთან აქტიურ თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ამ მიმართულებით უაღრესად სასიხარულოა ქართული მოსახლეობის მზარდი ინტერესი ჩინური ენისა და კულტურის მიმართ, რაც ადამიანთა შორის აუცილებელი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის ქმნის საფუძველს. სწორედ ამ გაგებით, ჩვენ ახლახან გამოვეცით განკარგულება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა.