ნათია თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას.

მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ჰქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.

ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები