თეთრმა სახლმა კიევს იმ რეფორმების სია გაუგზავნა, რომლებსაც დახმარების გასაგრძელებლად ელოდება
თეთრმა სახლმა კიევს და დონორთა საკოორდინაციო პლატფორმაში პარტნიორებს წერილი გაუგზავნა იმ რეფორმების ჩამონათვალით, რომლებიც უკრაინამ უნდა განახორციელოს მისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გასაგრძელებლად.
ამის შესახებ Eurointegration-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წერილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში, მაიკ პაილმა დონორთა საკოორდინაციო პლატფორმას გაუგზავნა.
გამოცემის ცნობით, წერილი ასევე გაეგზავნა უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიჰალს და უკრაინის პრეზიდენტის აპარატს.
Eurointegration ხაზს უსვამს, რომ ეს არის ჯერ კიდევ სამუშაო პროექტი.
დოკუმენტის პირველი ნაწილი ეხება შეერთებული შტატებისგან დახმარების მიღების პირობებს, რომელთა ნაწილი უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების შესახებ მემორანდუმის ტექსტში უკვე იყო ჩადებული. კერძოდ, ეს არის REMIT-ის რეგულაციის იმპლემენტაცია, ისევე მთელი რიგი ნაბიჯები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებთან, ასევე, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სახელმწიფო კორპორაციასთან (Ukroboronprom).
შემდეგი ნაწილები მოიცავს რეფორმების დეტალურ ჩამონათვალს განხორციელების პრიორიტეტების მიხედვით: მომდევნო 3 თვე, 3-6 თვე, ერთი წელი, 18 თვე.
კერძოდ, ისინი ეხება ანტიკორუფციულ ორგანოებს (SAP, NABU, NAPC), იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების შტოს.
წლის განმავლობაში ასევე პრიორიტეტულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ყველა ძალოვანი უწყების მუშაობაში ცვლილებები.
დონორთა საკოორდინაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად იანვარში გაიმართა. მას ესწრებოდნენ უკრაინის, ევროკავშირის, G7 ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, როგორიცაა EIB, EBRD, IMF და მსოფლიო ბანკი.