რომეო მიქაუტაძე: მცირე ენერგეტიკის მხარდაჭერის პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა – ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. ამ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული კომპონენტის შესახებ დღეს ელექტროენერგიის გენერაციის კომპანიების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
„ამ პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, მეორე მხრივ კი იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები ქვეყანაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოში ერთი პროექტი უკვე დაინიცირდა. მინისტრის პირველი მოადგილის პროგნოზით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათეული პროექტი იქნება განხორციელებული.
“ბიზნეს უნივერსალის” მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.