“უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს რომან გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა” – ნოდარ ჯავახიშვილი

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ კუპონის კატასტროფული გაუფასურება და ეროვნული ბანკის დაცემა ნოდარ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, რასაც ჯავახიშვილი სიცრუეს უწოდებს.

როგორც იგი Business Insider Georgia-თან აცხადებს, კუპონიზაცია სწორედ რომან გოცირიძის სახელთან არის ასოცირებული და ახლა ცდილობს, სხვას გადააბრალოს, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორებულია.

,,არ მინდა, თავის მართლების პოზიციაში ვიმყოფებოდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ინფორმაციის გადამოწმება, ზოგს ფაქტები შეიძლება, ახლაც ახსოვდეს. გადაამოწმონ ფაქტები, სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით.

არ ვჩანვარ საზოგადოებრივ ასპარეზზე და მაინც არ მეშვება! უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა. ახლა აღმოჩნდა, რომ კუპონი ჯავახიშვილმა გამოუშვა, ლარი – გოცირიძემ, ეს არის სიცრუე!

ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებას ხანმოკლე მეხსიერება აქვს. თუკი ვინმეს აქვს ბუნდოვანი და საეჭვო წარსული, გოცირიძეა, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რესურსს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ესეც ფაქტია!

მძიმე დროება გამოვიარეთ, როცა არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა, რადგან არავინ იცოდა, რა ფასად გაეყიდათ პროდუქტი, ისე იცვლებოდა კუპონის კურსი. მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ, იმიტომ მომიყვანეს ეროვნული ბანკის სათავეში, სხვა ვერ უშველიდა ქვეყანას, რაც შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა. ჩემი პროფესიონალიზმის გამო აღმოვჩნდი სებ-ის სათავეში და არა ვინმეს რეკომენდაციით.

ტყუილია, რასაც გოცირიძე ამბობს! როდესაც ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე ვმუშაობდით, ის საერთოდ არ ჩანდა საქართველოში ასპარეზზე და არავინ ეკითხებოდა. ახლა საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, რომან გოცირიძემ სულ ცოტა ხნის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკში ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობის პერიოდი უმძიმესი იყო სებ-ისა და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის.

,,ჯავახიშვილის დროს მოხდა მაშინდელი ეროვნული ვალუტის, კუპონის კატასტროფული გაუფასურება, ერთი დოლარი 3 მილიონი კუპონი გახდა და ინფლაციამ რამდენიმე ათას პროცენტს მიაღწია. მისი მმართველობა კორუფციული სკანდალებითაც იყო გამორჩეული, რომელიც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების განიავებას უკავშირდებოდა”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, ნოდარ ჯავახიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 1993-1998 წლებში იკავებდა.
რაც შეეხება რომან გოცირიძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები