“მომავალ პერიოდში ლარი აუცილებლად მყარად იქნება და წონასწორობის იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ” – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

“მომავალ პერიოდში ლარი აუცილებლად მყარად იქნება და წონასწორობის იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რომელსაც ჩვენ, პრაქტიკულად, ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანგურიძემ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ლარი მიმდინარე კვირაში კვლავინდებურად დასტაბილურებას დაიწყებს.

“ვნახეთ, რომ გასულ კვირას ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც განსაკუთრებული საშიშროება ამ ფენომენში არაა, იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ყველა მაკროეკონოკური პარამეტრი წესრიგში გვაქვს, როგორიცაა ინვესტიციები, საგარეო ვაჭრობა, ვხედავთ რომ ინფლაციაც მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა შენარჩუნებული. ეს გვაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ მომავალ პერიოდში ლარი აუცილებლად მყარად იქნება და წონასწორობის იმ ნიშნულს შეინარჩუნებს, რომელსაც ჩვენ, ,პრაქტიკულად, ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზს – შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს განპირობებული იყო იმ პროცესებით, რომელიც ეროვნულ ბანკში იმ 1 დღეში განვითარდა, სისტემამ ერთგვარი შოკური მდგომარეობა განიცადა. თუმცა, ამ თვალსაზრისით საგანგაშო არაფერია. დიახ, ეროვნულ ბანკს ბაზარზე რეზერვების გამოტანა მოუწია, თუმცა, ვნახეთ, რომ ლარმა გარკვეული სახის წონასწორობა მაინც დაიჭირა, დიდად არ გაუფასურებულა. ველოდებით, რომ ლარი უკვე ამ კვირაში კვლავინდებურად დასტაბილურებას დაიწყებს. ეროვნულ ბანკს დამატებითი რეზერვების გაყიდვა აღარ დასჭირდება, რადგან უკვე ვხედავთ, რომ პროცესები დასტაბილურდა, მედიაში ამ თემის გაშუქებებმაც იკლო, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ბაზარიც და საზოგადოებაც უკვე ერთგვარად შეეგუა იმ პროცესს, რაც იმ 1 დღეში განვითარდა, რამდენიმე ვიცეპრეზიდენტმა ეროვნული ბანკი დატოვა, თუმცა, აღვნიშნავ, რომ საფინანსო სექტორისთვის ამით დიდი არაფერი მომხდარა, რადგან სექტორი საკმაოდ მყარია, ლარიც საკმაოდ კარგ საფუძველზეა შექმნილი. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლარმა უფრო დიდი რყევებსაც გაუძლო. მაგალითად, დაახლოებით 15- 16 წლის წინ ეროვნული ბანკი წელიწად- ნახევრის განმავლობაში საერთოდ პრეზიდენტის გარეშე იყო. ლარმა ამ პროცესს გაუძლო. მით უმეტეს, ვიცეპრეზიდენტების ყოფნა- არყოფნა თავად სისტემას და ვალუტას ვერ დააზიანებს”, – განაცხადა ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები