ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს კულტურის სამინისტროში იმყოფებოდა
თბილისში გამართული ჩინური კინოს ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ჩინეთის კინოადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ირაკლი გივიაშვილი და იოსებ ბაღათურია, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი, ჩინეთის კინოადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე პაე იმინი,
ჩინეთის კინოადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე – კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობისა და კინოხელოვნებაში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. განიხილეს ერთობლივი პროდუქციის შექმნის შესაძლებლობები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო მომავალი წლიდან ქართული კინოს ფესტივალის გამართვა ჩინეთში და ქართული და ჩინური კინოარქივების თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
„მხარეებს შორის საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსახილველად წარმოადგინა ერთობლივი პროდუქციის კონკრეტული პროექტი და სხვა არაერთი საინტერესო იდეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.