ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა

„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა“, – განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა 1-ელი მაისიდან ამოქმედდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი პროგრამების განხორციელება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად აღმოფხვრის კიბოს განვითარების ალბათობას.

„დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება. უმნიშვნელოვანესია ფილტვის კიბოს დაფინანსების პროგრამის ამოქმედება, ვინაიდან ჩატარებული სკრინინგის მიხედვით, სხვადასხვა სახის გამოვლენილ ცვლილებათა შორისაა აორტის ანევრიზმა, ლიმფური კვანძები, წარმონაქმნები თირკმელსა და ღვიძლში, ხოლო 595-ზე მეტ მოქალაქეს ფილტვის რიგი დაზიანება აღმოაჩნდა.

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას დღეისათვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება და სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე და აღნიშნა, რომ სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.

„ფილტვის კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის, მის საფასურს მერია ანაზღაურებს და ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები