კინორეჟისორი და სცენარისტი – ზურაბ ინაშვილი 75 წლის გახდებოდა
დღეს კინორეჟისორი და სცენარისტი – ზურაბ ინაშვილი 75 წლის გახდებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ინაშვილმა დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო, 1979). 1980-94 წლებში იყო საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის დამდგმელი რეჟისორი. 1993-94 – დაინიშნა ამავე სტუდიის დირექტორად. 1996-2004 წლებში გახლდათ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის საბავშვო პროგრამების სტუდიის დირექტორი.
„მისი სატელევიზიო პროექტები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში: „ჩვენ შევცვლით სამყაროს“, „შოკოლადის მიკროფონი“ და „პირველად იყო სიტყვა“. მას ასევე ჰქონდა სატელევიზიო ციკლი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიაში „ერთსულოვნება“ სახელწოდებით – „მგზავრები წუთისოფლისა“.
ზურაბ ინაშვილმა გადაიღო მხატვრული ფილმები: „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“ (1980) და „მაისის თოვლი“ (1989). აქტიურად მოღვაწეობდა დოკუმენტური კინოს მიმართულებით და შექმნა სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის დოკუმენტური ფილმები: „იწყება ზღაპარი“ (1977), „ნოდარ დუმბაძე“ (1981), „საკუთარ მიწაზე“ (1983), „გვიამბეთ თქვენ შესახებ, მაესტრო“ (1983), „ იოსებ ნონეშვილი“ ( 1984), „შემობრუნება“ (1985), „მეშახტეები“ (1986), „სიცოცხლის ხე ქართლის ცხოვრებისა“ (1992), „გერმანელები საქართველოში“ (1993), „ქართველები მარიას თეატრში“ (2002); „გამოთხოვება დონ-კიხოტთან“ (2002), „გემღერებოდეს, დედაო!“ (2008), „ხვალ, ზეგ და მაზეგ“ (2011), „გურჯი ვარ საქართველოდან“ (2012), „სხვა ქალაქი“ (2014), „ხმა ამოიღეთ“ (2015), „პური და სანახაობა“ (2015), „მიუსაფარი“ (2017) და „მახარობელი“ (2019).
კინორეჟისორსა და სცენარისტს მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი და ჯილდო: მთავარი პრიზი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ფილმისთვის „იწყება ზღაპარი“ (თბილისი, 1977), პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის მხატვრულ კინოში, ფილმისთვის „ნუ მოიწყენთ შემოდგომისას“ (სოხუმი, 1980), პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის საკავშირო ტელეფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის „ნოდარ დუმბაძე“ (ვლადივოსტოკი, 1982), პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის სატელევიზიო ფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის „მაესტრო“ (ცხინვალი, 1986), მთავარი პრიზი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ ბათუმის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე, ფილმისთვის „გემღერებოდეს დედაო“ (ბათუმი, 2010).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ზურაბ ინაშვილის ღვაწლს ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში..