მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ არაერთი მიზნობრივი კამპანია ვაწარმოეთ, რომ დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებდეს
“ჩვენ მემილიონე მოგზაურს გერმანიიდან ვუმასპინძლეთ, რაც არ არის შემთხვევითი. ეს არის ჩვენი სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ არაერთი მიზნობრივი მარკეტინგული კამპანია ვაწარმოეთ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებდეს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც, მან „საქართველოს კარიბჭე ევროპისკენ“ უწოდა. „ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს, რათა კიდევ უფრო მეტმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტოს ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ქუთაისის აეროპორტში ოპერირება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მზაობა, ჩვენი ინფრასტრუქტურა, მომსახურება, ჩვენი გუნდი ადგილზე საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს შეეფერებოდეს,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მიღებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატური კორპუსის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები დაესწრნენ. მიღებაზე აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლებს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცათ.
მარიამ ქვრივიშვილმა ვეტერან ავიატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს. „ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ავიაცია და ტურიზმი, რომლის განვითარებაც დიდწილად სწორედ ავიაციის ინდუსტრიაზე დამოკიდებული. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მეტი და მეტი სახელმწიფო ინვესტიცია ჩავდოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში და გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ქუთაისის აეროპორტი კვლავ იყოს ერთერთი მსხვილი დამსაქმებელი ავიაციის ინდუსტრიაში,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის.
მიღებაზე ასევე გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია.
დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, ერთი წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა. ავიაკომპანია WizzAir – ის რეგულარულმა რეისმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან ქუთაისში მემილიონე მგზავრი პიტერ გოეთზინგერი ჩამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა. კერძოდ, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ინტეგრირებული აუდიო გამოფენა ეკრანებით და ყურსასმენებით, სადაც ნაჩვენები იყო საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ვიდეო რგოლი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიან ისტორიასთან დაკავშირებით, ასევე, საარქივო მასალა ქალაქის პირველი აეროპორტით. გაიმართა ლექცია თემაზე – „ქუთაისის ავიაციის ისტორია“, ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპეციალური ინსტალაციები და საბავშვო ვორქშოფები განთავსდა.