ნათია თურნავა: საერთაშორისო პრაქტიკა ყველა ქვეყანაში არაერთგვაროვანია – სახელმწიფოები ცდილობენ იპოვონ სწორი ბალანსი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულების წესსა და საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას შორის

„საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ ურთიერთგანსხვავებულია. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა და თვითონ ეს ფაქტიც, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ავტომატურად სანქციების აღსრულება ყველგან ერთგვაროვნად, ერთდროულად ვერ და არ ხდება“, – ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ის ქვეყნები, რომლებიც მიერთებული არიან სანქციებს, ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ სწორი ბალანსი საერთაშორისო ვალდებულებასა და საკუთარ ეროვნულ, სუვერენულ ფუნქციებსა და კანონმდებლობას შორის.

„ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული თავისებურებები ახლავს სანქციების აღსრულებას. რა თქმა უნდა, ქვეყნები მიერთებულია სანქციებს, მე ვსაუბრობ იმავე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, კანადაზე და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც კითხვის ნიშანი არ დგას, ეს ქვეყანა აღიარებს თუ არა სანქციებს. პირიქით, ყველაზე ხშირად არიან სანქციების ავტორი, მაგრამ ამავდროულად, ისინი ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ სწორი ბალანსი საერთაშორისო ვალდებულებასა და საკუთარ ეროვნულ, სუვერენულ ფუნქციებსა და კანონმდებლობას შორის. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი გადაწყვეტილებაა. არის რიგი ქვეყნები, სადაც კონკრეტული საკანონმდებლო აქტიც კია მიღებული, ეროვნული, აქტი, რომელიც განმარტავს სანქციების აღსრულებას და საგამონაკლისო წესებს აწესებს“,-აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან.

„არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, მათ შორის, იმავე ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დაშვებული გადაწყვეტილებები და ა.შ., რომელიც აწესებს იმას, რომ ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებით, არ უნდა იყოს ერთბაშად, მყისიერად იზოლირებული და მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან. ეს წარმოუდგენელია და ჩვენ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ ბევრი გვქონდა დასახვეწი“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები