ილია დარჩიაშვილი ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმედინ კონაკოვიჩთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურების საჭიროება და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით.

ქართულმა მხარემ გამოხატა საქართველოს დაინტერესება განავითაროს ურთიერთობები ბალკანეთის ქვეყნებთან, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საკონსულტაციო ფორმატებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ინიციატივით უკვე გაიმართა და ახლო მომავალშიც იგეგმება ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით კონსულტაციები.

მინისტრებმა მიმოიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და ამ მხრივ არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა ბოსნიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია კანდიდატი სტატუსის მიღების მიზნით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ძალისხმევა სათანადოდ იქნება დაფასებული.

მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად ითანამშრომლონ ორმხრივი კავშირების განვითარების მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები