სამცხე–ჯავახეთში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ გაიხსენება
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის -„ჰორიზონტის გაფართოება“, “ გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის”, ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი მუნიციპალური სერვისი – „ქალთა ოთახი“ გაიხსნება. ორგანიზატორების ცნობით, „ქალთა ოთახი“-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და აგრეთვე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში.
„ქალთა ოთახის“ მთავარი ფუნქციაა მუნიციპალიტეტში მისული ქალის დახმარება და მისთვის კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის შესახებ. დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, სასურველი ინფორმაცია მიიღოს ქალთა ოთახში არსებული ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენებით. ოთახში ასევე მოწყობილია ბავშვთა კუთხე, რომელიც ქალს ხელს უწყობს, საჭირო ინფორმაციის მიღების პარალელურად უზრუნველყოს ბავშვის გართობაც. ამასთანავე, ქალთა ოთახი საშუალებას აძლევს, სხვადასხვა არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ არსებული სივრცე შეხვედრების მოსაწყობად, რაც თავის მხრივ, ქმნის დამატებით სარგებელს ქალთა ოთახის ვიზიტორებისთვის ინფორმაციისა და სხვადასხვა იდეების გაზიარების კუთხით“ – აღნიშნავს ლალი ყიფშიძე, პროგრამის დირექტორი.
„ქალთა ოთახის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, აგრეთვე,საქართველოს მთავრობის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სახალხო დამცველი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ადგილობრივად მომუშავე საერთაშორისო ან/და არასამთვრობო ორგანიზაციები, ფონდები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
პროგრამა დაიწყო 2014 წლის აპრილიდან და ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში. მისი მთავარი მიმართულებაა ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და ხორციელდება კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, მერსი ქორფსთან (Mercy Corps) პარტნიორობით.